ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „სამგურალი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და საჩემპიონო ბრძოლის ფინიშზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 1:0.
წყალტუბოში გამართულ დაპირისპირებაში თბილისელები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ – ნიკოლოზ დადიანის გადაცემა თავური დარტყმით გიორგი კუციამ დააგვირგვინა.
32-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველთან, ნიკა სიხარულაშვილთან უხეშობისთვის „სამგურალის“ თავდამსხმელი, ირაკლი სირაძე მოედნიდან გააძევეს და წყალტუბოელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
33 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 63 ქულა დააგროვა, 4 ქულით გადაასწრო თბილისის და ბათუმის „დინამოებს“ და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია (თუმცა კონკურენტებზე ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული), „სამგურალი“ (39) კი მე-7 პოზიციაზე დარჩა.