მედიის ცნობით, ტეხასში დააპატიმრეს ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის საქმის მოსამართლეს მოკვლით დაემუქრა
ტეხასში დააპატიმრეს ქალი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეს მოკვლით დაემუქრა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 43 წლის აბიგეილ შრაი ტელეფონით დაუკავშირდა ვაშინგტონის ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს და მოკვლით დაემუქრა, თუ 2024 წელს ტრამპს პრეზიდენტად არ აირჩევენ. ის ასევე მოკვლით დაემუქრა კონგრესის დემოკრატ წევრს, შეულა ჯექსონ ლის და ვაშინგტონში მცხოვრებ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს.
ბრალდებულმა ქალმა დაადასტურა, რომ მართალაც დაურეკა მოსამართლეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ფედერალური აგენტები მასთან სახლში იმყოფებოდნენ, განაცხადა, რომ არ აპირებს ვაშინგტონში ჩასვლას და მუქარის სისრულეში მოყვანას.
ცნობისთვის, ვაშინგტონის ოლქში დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისთვის წაუყენეს. ანალოგიური ბრალდება ტრამპს წარუდგინეს ჯორჯიის შტატშიც.