ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსის ვაქცინის განაწილებაში მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილებაში მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გებრეისუსმა ქვეყნებსა და მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით ვაქცინის დოზების სამართლიანად გავრცელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვაქცინის სამართლიანად გადანაწილების პერსპექტივა „სერიოზული რისკის“ ქვეშ არის. როგორც გებრეისუსი აცხადებს, ამან „კოვაქსის“ ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შესაძლოა, შეაფერხოს და შექმნას სწორედ ისეთი სცენარი, ქაოტური ბაზრით, არაკოორდინირებული რეაქციით და განგრძობადი სოციალური და ეკონომიკური ნგრევით, რის თავიდან ასაცილებლადაც „კოვაქსი“ შეიქმნა.
მისი თქმით, დამოკიდებულება – „პირველი მე“ მსოფლიოს ღარიბ და ყველაზე დაუცველ მოსახლეობას რისკის ქვეშ აყენებს. როგორც გებრეისუსმა აღნიშნა, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გასულ წელს 44, მიმდინარე წელს კი სულ მცირე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.