თეა წულუკიანი - ვიხილეთ, როგორ ცდილობდა ნოსტალგიით შეპყრობილი ყოფილი ხელისუფლება ლიეჟში, ჩაეხშო განსხვავებული აზრი
თეა წულუკიანი - ვიხილეთ, როგორ ცდილობდა ნოსტალგიით შეპყრობილი ყოფილი ხელისუფლება ლიეჟში, ჩაეხშო განსხვავებული აზრი

ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობდა ნოსტალგიით შეპყრობილი ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოდის, ვერ აწყობს შვიდ ნოემბერს და 26 მაისს, ლიეჟში მოეხდინა განსხვავებული აზრის მისეული მეთოდებით ჩახშობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ, ლიეჟში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ლიეჟში თუ ემიგრანტებთან შეხვედრა იყო, დარბაზში უნდა შეეშვათ ყველა, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები.

„თუ ეს არის ემიგრანტებთან შეხვედრა, ყველა უნდა იყოს დარბაზში დაშვებული და განსხვავებული აზრიც უნდა იყოს შეწყნარებული, მაგრამ ჩემთვის გასაკვირვი იქ არაფერი მომხდარა. სააკაშვილმა, ისევე როგორც ამას აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი. უბრალოდ აქ თავად ხელისუფლებაში იყო და სისხლისმიერი მეთოდებით აკეთებდა ამას. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, უბრალოდ თავი შეგვახსენა თავისი მეთოდებით, რომლისგანაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ დიდი ზიანი მიიღო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.