თეა წულუკიანი - საზოგადოებრივი ცენტრები წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სოფელში გაიხსნება, მათ შორის ადიგენში, დმანისში, ახალსოფელსა და სოფელ უდაბნოში
თეა წულუკიანი - საზოგადოებრივი ცენტრები წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სოფელში გაიხსნება, მათ შორის ადიგენში, დმანისში, ახალსოფელსა და სოფელ უდაბნოში

საზოგადოებრივი ცენტრები წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სოფელში გაიხსნება, მათ შორის ადიგენში, დმანისში, ახალსოფელსა და სოფელ უდაბნოში – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, წნორის საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკა და უსადენო ინტერნეტი იქნება.

„პირველ რიგში, ახალგაზრდებს მივულოცავ, რადგან მათთვის აქ გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რადგან ამ ინფრასტრუქტურაში შეიძლება ყველა წიგნი არ დაეტიოს, მაგრამ კომპიუტერებში უკვე გაქვთ ჩატვირთული ელექტრონული წიგნები. იქ, სადაც ახლა ვდგავართ, უკვე არის უკაბელო ინტერნეტი, ეს სწორედ „მაგთის“ დამსახურებაა, მადლობა მათ.

ხანდაზმულები სხვა სერვისებთან ერთად, აქვე მიიღებენ პენსიას ისე, რომ სხვა ადგილას სიარული აღარ იქნება საჭირო და მადლობა ამისთვის ჩვენს ერთგულ მეგობარსა და პარტნიორს „ლიბერთის“. აქვე ჩვენ გვესწრება ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელი, ბრიტანეთის სახელმწიფო ასევე ჩვენი ერთგული მეგობარია. რატომ?! იმიტომ, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ ამ ცენტრშიც, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ცენტრში, ჩვენს ახალგაზრდებს შევთავაზოთ ხარისხიანი ინგლისურის კურსები, რომელიც სერტიფიკატით მთავრდება, რადგან ყველამ იცით, რომ ამ უცხო ენის გარეშე გზა გაიკვალო, არის ცოტა უფრო ძნელი.

ყველას გისურვებთ წარმატებას, გილოცავთ ამ ინფრასტრუქტურას, რითაც ჩვენ წნორში საბჭოთა ინფრასტრუქტურა დავასრულეთ და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველამ ერთად შევძელით, მადლობა გუბერნიას და რა თქმა უნდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. გისურვებთ ბევრ წარმატებას და სიახლეს ქალაქ წნორში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. 

წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა. ის ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.