თეა წულუკიანი - საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ გაბედულად და ხმამაღლა თქვა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომ ყველაფრის ფასად, ჩვენ გავაგრძელებთ, უზრუნველვყოთ საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა
რა თქმა უნდა, ეს მთავრობის წარმომადგენლებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკეთ იციან, მე პარლამენტს წარმოვადგენ დღეს და შეიძლება, იმდენ ინფორმაციას არ ვფლობდე, თუმცა ჩემი აზრით, ომის საფრთხე დღეს არ არის იმ ხარისხის, რა ხარისხისაც იყო 2022, 2023 წელს და თუნდაც, შარშან, მაგრამ ომის საფრთხე ყოველდღიურად მაინც არსებობს, გარკვეული, ამა თუ იმ ხარისხის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმიტომ, რომ მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება, ჩვენს კონტინენტზე არის ძალიან დაძაბული ვითარება და არა მხოლოდ აქ. რეგიონში არის მძიმე ვითარება და სულ რამდენიმე ნაბიჯში დგას რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ოკუპირებული ვართ კვლავ და უკრაინაში ომი არ და ვერ ჩერდება. არ თუ ვერ, ამას თვითონ იტყვიან, რა ხდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ომის საფრთხე არსად არ წასულა და ჩვენ, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებას უწევს ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ყოფნა იმისთვის, რომ ის უზრუნველვყოთ, რაც ბევრი რამის ფასად უზრუნველვყავით. ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, დავეთანხმო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც საკმაოდ გაბედულად და ხმამაღლა თქვა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომ ყველაფრის ფასად, ჩვენ გავაგრძელებთ, უზრუნველვყოთ საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გზავნილებს, აქცენტებს და პრიორიტეტებს, რის შესახებაც მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის მის თვალში არაერთ გაბედულ წინადადებას შეიცავდა.
„მათ შორის იმას, რომ არ არის მარტივი სათქმელი, რომ ყველაფრის ფასად სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, მაგრამ მთავარი ნათქვამია, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენივე მოქალაქეების, ხალხის და ქართველი ერის სიცოცხლე. ეს არის მთავარი და მთავარია განვითარება მშვიდობიან პირობებში. ეს არ არის დღეს მოდაში, ამგვარი აზროვნება. სამწუხაროდ, მსოფლიოში პრევალირებს, ანუ პირველად ადგილზეა საომარი რიტორიკა, მილიტარიზმი და შეიარაღება და ბრძოლა კარგ ტონად ითვლება. ჩვენ არ გვაქვს ამის სურვილი და არც ამის რესურსი გვაქვს. ჩვენ გვაქვს მშვიდობის უზრუნველყოფის რესურსი, ამას ვიყენებთ და ეს თქვა სწორედ ყაველაშვილმა პირველ რიგში. ისიც დაამატა, რაც ქვეყნის შიგნით მე მგონი, არავისთვის სიურპრიზი არ იყო, რადგან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ყველანაირი დიალოგისთვის, რომელიც თანასწორუფლებიანია, ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დიალოგის პირობებში ისეთი ხისტი პოზიციები გვექნება, რომ მაინცდამაინც ჩვენი პოზიციები უნდა იყოს მთავარი, მაგრამ ის, რაც ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმას არავინ არ უნდა შეეხოს და ამის იქით უკვე, რა თქმა უნდა, კომპრომისებიც გარკვეულ პირობებში იყო შესაძლებელი და მომავალშიც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვის ქართულად წარმოთქმისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რომ თავისი სიტყვა ქართულ ენაზე, სახელმწიფო ენაზე წარმოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ნაბიჯების გადადგმა. კომისიის დასკვნას რომ მივუბრუნდეთ, ქართულ ენასთან დაკავშირებით, თქვენ დასკვნაში ნახავთ, ჩვენ როგორც გამოვიკვლიეთ და დავადასტურეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, დიდი თევზაძის თამადობით, რომელიც მაშინ იყო განათლების სამინისტროში მაღალჩინოსანი, ბატონი ლომაიას ხელშეწყობით და რა თქმა უნდა, ყველაფრის მეთაური სააკაშვილით, თურმე აპირებდნენ, საქართველოში სახელმწიფო ენად გამოცხადებული იყო ინგლისური. ეს დასკვნა არის ასევე ამიტომ ღირებული დოკუმენტი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ის კრიტიკა, რაც მოედინება, რომ თურმე, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან რატომ მიმართავს მსოფლიოს ქართულად, სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალა და მათი წარმომადგენლები არ იცვლებიან. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ქართულის გაუქმებას ნიშნავს. ეს დასკვნა ამასაც ეხება. ამიტომ, მადლობა ბატონ პრეზიდენტს, რომ მან ქართული გამოიყენა და არა სხვა რომელიმე ენა. ერთადერთი, იმის იმედი მაქვს, არ მომისმენია, რომ თარგმანი იყო ხარისხიანი. თქვენ იცით, რომ ქართული რაკი ჰერმეტული ენაა, თარგმანში მოვიკოჭლებთ ხოლმე, მაგრამ ალბათ, პროფესიული და მაღალი დონის თარგმანიც იყო, რომ უცხოელს გაეგო ის პატარა, მნიშვნელოვანი და დიდი ნიუანსები, რასაც მისი გამოსვლა მოიცავდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.