თეა წულუკიანი - სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა, ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე
თეა წულუკიანი - სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა, ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე

ნებისმიერ პატიმარს, რომელიც იქცევა ცუდად, ემატება მუხლები, რად უნდა ამას ბევრი სპეკულაცია. პრემიერ -მინისტრს არ აქვს აკრძალული საუბარი და ამას შეეჩვიეთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა სააკაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ამბობს, რომ წესიერად თუ არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხს, წულუკიანი ამბობს, რომ საუბარი ექსტრადიციაზე არის „სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი“.

„სამართლებრივ ტერმინებს ნუ აურევთ. უკრაინაში ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ აქ საუბარია, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რათა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გვაქვს, არ არსებობს ამის არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა.

შესაბამისად, ის ქართული სასჯელი, ანუ ჩვენივე სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ სასჯელები, რაც მას აქვს მისჯილი და ზოგიერთ საქმეზე იცით, ბრალდებულია, ხოლო მომავალში გამართლდება ან გამტყუნდება – ყველა ეს ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. შესაბამისად, მსჯავრდებული პირის გადაცემა, ანუ ტრანსფერი თეორიულად თუ ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი ეს არ არის. ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება და პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ, რადგან ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, თავი შეწიროს იდეალებს, წესით, მას არ უნდა ჰქონდეს სურვილი, კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.