ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილმა რომ გააცნობიერა, ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილმა რომ გააცნობიერა, ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო

პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს და მას შემდეგ, რაც სრულად მოიხდის სასჯელს, ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია დაბრუნდეს.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, დღეის მდგომარეობით მას ექვსი წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის. სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, რომ ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო. წარმოგიდგენიათ ეს კაცი რა მდგომარეობაშია?! რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, კატასტროფაა და შეურაცხმყოფელია, რომ მან საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „იმედის კვირის“ ეთერში.

გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს მიხეილ სააკაშვილის წერილზე ჰკითხა, რომელიც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნიკა მელიას მისწერა. წერილში სააკაშვილი წერს – „ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ“.

„წინ ციხიდან!ასე ეუბნება, ალბათ, უნდა დაამატოს ბოლოში. წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.