თეა წულუკიანი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს, თუმცა მინისტრთა კომიტეტმა შეახსენა, რომ გადახდის ვალდებულება უპირობოა
თეა წულუკიანი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს, თუმცა მინისტრთა კომიტეტმა შეახსენა, რომ გადახდის ვალდებულება უპირობოა

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დავაზე გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დავა დავიწყეთ იქედან, როცა რუსეთი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას და კოლექტიურ გამოძევებას ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზეო. ჩვენ ეს დავა მრავალი წლის პროცედურული პერიპეტიების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მოვიგეთ. თავიდან ძალიან მცირე სია იყო წარდგენილი, რადგან ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, მივიჩნევდით, რომ შეიძლებოდა საილუსტრაციო სიის საფუძველზე უბრალოდ დარღვევები დადგენილიყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთს შეეძლო ამით ესარგებლა და ასეულობით ადამიანის კონკრეტული შემთხვევა წარვადგინეთ, სრულყოფილი სია შევქმენით, სირთულეების მიუხედავად. რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა რუსეთის პოზიციები. ამის წყალობით, ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოვიგეთ. დავაზე გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. რუსეთი უკვე მინისტრთა კომიტეტის წინაშე ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და ყველაფერს აკეთებს პროცედურულად იმისათვის, რომ 10 მილიონი ევროს ოდენობის თანხა საქართველოს არ ჩაურიცხოს. ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი დარჩენილი არგუმენტი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ საქართველომ უნდა მითხრას, ამ თანხას რომ ჩავრიცხავ, ვისზე განაწილდებაო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოს შესაბამისი სია წარდგენილი აქვს.

„ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა როგორც რუსეთი ამბობს, ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად მსხვერპლი, რომ ეს თანხა ნამდვილად გადასახდელია და ასე შემდეგ. კარგია, რომ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტზე ჩვენ ვითხოვთ საჯარო დებატებს, განხილვებს და ჩვენი მოთხოვნა კმაყოფილდება. სულ რამდენიმე დღის წინაც მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ გადახდასთან დაკავშირებით მისი ეს ვალდებულება არის უპირობო, ანუ ის ვერავითარ პირობას, რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს, ვერ დააყენებს. კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩარიცხოს, რომელსაც უკვე დიდი ხანია,  ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით, რადგან როდესაც მოპასუხე არ ჩარიცავს, თანხა საგრძნობლად იზრდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველო მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ეს სია არსებობს.

„ყოველ ჯერზე, მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, როდესაც რუსეთი ერთსა და იმავე არგუმენტს აყენებს, რომ მას სჭირდება სია, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს სია არსებობს და ჩვენს არგუმენტს ყოველ ჯერზე იზიარებს მინისტრთა კომიტეტი, გამოსცემს საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას და ახსენებს რუსეთს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული, რომ ამ თანხის ჩარიცხვის უპირობო ვალდებულებაა, რომელსაც როგორც გითხარით, პროცენტები ერიცხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, რთული მისახვედრი არ არის, რომ რუსეთს არ სურს წაგებულის პოზიციაში ყოფნა და თანხის გადახდა.

„ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთს ჯერ დავის წაგება არ უნდოდა, არც იმის აღიარება სურს, რომ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში დარღვევები იყო ჩადენილი. რა თქმა უნდა, ახლა არ სურს თანხა ჩარიცხოს და იყოს წაგებულის პოზიციაში. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. გასაკვირი ამაში არაფერია – როდესაც ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, თანხაზე საუბარი არ სურს. მით უმეტეს, აქვე დავსძენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგისგან წელს უკვე ველოდებით გადაწყვეტილების გამოცხადებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ინფორმაციით, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს.