თეა წულუკიანი - პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ვინდაიდან ვართ ძალა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა აქვს
თეა წულუკიანი - პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ვინდაიდან ვართ ძალა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა აქვს

„ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების რაოდენობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული ლიბერალური საარჩევნო სისტემით სარგებლობენ, რათა შემდეგ ე.წ. დარღვევებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია შექმნან.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი ლიბერალური, გამჭვირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით, რათა შექმნან ცრუ ამბები ე.წ. ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცესკო ჰქვია და არჩევნებისა და მომდევნო დღეებში შექმნან კასკადი იმ პროვოკაციების, რომელიც არის გეგმაში. ეს ანალიტიკა მიეწოდება ოდირ-ს და რეალურად დამკვირვებლებს“,  – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება ამაზე მმართველი გუნდის პასუხი, წულუკიანმა განაცხადა, რომ პროვოკაციებს „ქართული ოცნება“ პროვოკაციითვე არ უპასუხებს.

„ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ჩვენი ვალია, რომ თქვენ, ვინც საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან და გარესამყაროსთან ჩვენი შუამავალი ხართ, გაგაფრთხილოთ. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ასეთი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებია ჩართული. შესაძლოა, ამის შესახებ იცოდით, მაგრამ ამგვარი ანალიტიკური დოკუმენტი არ გქონოდათ ნანახი. ღია წყაროები კი ღია წყაროებია, მაგრამ შეიძლება, არ გქონდეთ დრო, რომ მისი ანალიზი აკეთოთ. ასევე, მინდა უფრო სხვანაირად გიპასუხოთ. პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი, ვინაიდან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული და გამჭვირვალე ხარისხით ჩატარდეს, ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები ჩვენი ხელისუფლების დროს“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული სქემა წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 129 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.