თეა წულუკიანი - ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას ორი სხვადასხვა პარტიის სახით ცდილობს
თეა წულუკიანი - ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას ორი სხვადასხვა პარტიის სახით ცდილობს

არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეძლო, რომ ბევრი ადამიანი ემოციურად გააღიზიანა.

„პოლიტიკურად სავსებით გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს ხელისუფლებაში დაბრუნებას ჰპირდებოდა. ეს გეგმა ვერ შესრულდა და ის კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. არსებობს პოლიტიკური ბრძოლის კანონიერი მეთოდები. არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე, ვერაფერი მოახერხეს, გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ემოციურად გააღიზიანეს. არავითარი დაძაბულობა არ იქნება, ჩვენ მშვიდ გარემოში ჩავატარებთ არჩევნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხზე გუშინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გამოვლენილი აქვს, რა იგეგმებოდა პროვოკაციების მოსამზადებლად.

ამავე თემაზე დღეს პირველ არხთან სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ.