თეა წულუკიანი - ოპოზიცია რეალურად გაკოტრებულია და ცდილობენ ყურადღების მიპყრობას
თეა წულუკიანი - ოპოზიცია რეალურად გაკოტრებულია და ცდილობენ ყურადღების მიპყრობას

ფაქტია, რომ ოპოზიცია რეალურად გაკოტრებულია და ამგვარი ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, რაც ალბათ თავად გონიათ რომ მაღალი ხარისხის კრეატივია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ოპოზიციის ქცევა აღარ არის სასაცილო, არც კრეატიული და არც ის, რაც გამოიწვევს ხელისუფლების რყევას.

„ფაქტია, რომ გამოძიება დაიწყო ნივთიერების პარლამენტის პლენარულ დარბაზში დასხმის საქმეზე. არც ვიცი რა კომენტარი შეეფერება ამ საქციელს. ფაქტია, რომ ოპოზიცია რეალურად გაკოტრებულია და ამგვარი ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, რაც თავად გონიათ, რომ მაღალი ხარისხის კრეატივია. მათ გამორჩათ ერთი რამ, რომ ის, რაც კრეატივი იყო „კმარას“ დროს 90-იან წლებში, დღეს კრეატივი ვეღარ არის. ვისურვებ, რომ არ აღმოჩნდეს ეს ისეთი ნივთიერება, რომელის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის ფაქტები არ დაკვალიფიცირდება როგორც დანაშაული. მე მათ მართლა ამას ვუსურვებ და მოვუწოდებ სერიოზული ქცევისთვის. ეს აღარ არის არც სასაცილო, არც კრეატიული და არც ის, რაც გამოიწვევს ხელისუფლების შერყევას. ეს არყევს მათივე რეპუტაციას და ავტორიტეტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.