თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან
თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან

რეალურად ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, ისინი თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას.

„სააკაშვილმა უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატაც მისი დასახელება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფი პარტიები ვერც გეგმავენ, რომ საქართველოში რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეთ.

„სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. მე არ ვიცი, რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს არ არის პრობლემა, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არსებობს. ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. ამ აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს, როგორც ჩანს, უკრაინაშიც აღარ დაედგომება. თუ მაინც გადაწყვეტს ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა, ასეთია რეალობა და იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.