თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მასთან მუშაობა კომფორტული იყო, მან იცოდა მოსმენა
თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მასთან მუშაობა კომფორტული იყო, მან იცოდა მოსმენა

მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მასთან მუშაობა ჩემთვის კომფორტული იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში.

„მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გუშინ გიორგი გახარია დაასახელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის დატოვა.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.

დატოვე კომენტარი