თეა წულუკიანი - მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის თქმისთვის, ახლა ალბათ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის შენაერთები მას თავს დაესხმებიან
თეა წულუკიანი - მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის თქმისთვის, ახლა ალბათ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის შენაერთები მას თავს დაესხმებიან

დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც რეალობას თვალს უსწორებს და სიმართლეს ამბობს. ამიტომ მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის თქმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა მარკ კლეიტონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

წულუკიანის თქმით, ახლა ალბათ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის შენაერთები ელჩს თავს დაესხმებიან და სიმართლის თქმისთვის უშვერი სიტყვებით გააკრიტიკებენ.

„სიმართლე არსად იკარგება, ფაქტი არის ფაქტი, ფაქტი კი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ყველაზე ქმედითად ეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც საქართველოში იღებს უკრაინელებს, იქნებიან ესენი ხელოვანები, თუ სხვა დარგის სპეციალისტები. ჩვენ ვიცით, რომ კერძო სექტორშიც ძალიან ბევრი უკრაინელი მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანი დასაქმდა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, რათა ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაშიც დღეს უკრაინის სახელმწიფო და ხალხი იმყოფება, როგორღაც შევამსუბუქოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს არის რეალობა, რასაკვირველია, ოპოზიციისთვის რეალობა არის მწარე, რადგან მათ სურთ აქ სხვა რეალობა. „ომის პარტიას“ სურს ომი და რასაკვირველია, მათ სურთ ასევე, რომ საქართველოსა და უკრაინის ხალხებს შორის ისე დაზიანდეს ურთიერთობები, რომ მათი აღდგენა გახდეს შეუძლებელი თუარა, ძნელი, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ურთიერთობები, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, არ დაზიანდეს და ჩვენ ამას ვაჩვენებთ ყოველდღიურად ჩვენს ქმედებაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.

ამასთან, ელჩის განმარტებით, იხილა ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება.