თეა წულუკიანი - კორუფციას არა მხოლოდ საჯარო სექტორში სჭირდება პრევენცია და აღმოფხვრა, არამედ ბიზნესსა და პოლიტიკურ პარტიებში
თეა წულუკიანი - კორუფციას არა მხოლოდ საჯარო სექტორში სჭირდება პრევენცია და აღმოფხვრა, არამედ ბიზნესსა და პოლიტიკურ პარტიებში

კორუფციას არა მხოლოდ საჯარო სექტორში სჭირდება პრევენცია და აღმოფხვრა, არამედ ბიზნესში და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ანტიკორუფციული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები ამ სტრატეგიაში, როგორიც არის საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სისტემა, სამართალდამცველებთან ერთად, რა თქმა უნდა. მეორე ხელისუფლებაში, მართლმსაჯულებაში გამჭვირვალობისა და შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი დარგები, როგორებიც არის სპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზს განსაკუთრებით გავუსვამდი კერძო სექტორსა და პოლიტიკურ კორუფციას, რადგან ეს არის ის ორი მიმართულება, რომელიც ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რომ კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე ბიზნესში კორუფცია არის ხოლმე მწვავე გამოწვევა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კორუფცია. ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებში, მათი დაფინანსების გამჭვირვალობას და დაფინანსების წესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი სიახლეა, რომ ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონაწილე არის შვიდი მუნიციპალიტეტი.

„ვერცერთ მათგანს ცალკე ვერ გამოვყოფდი, მაგრამ განსაკუთრებით მაინც მინდა მივესალმო იმ ძალისხმევას, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გასწია, რადგან მათ ადგილობრივ დონეზე შეძლეს, რომ საკუთარი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ. შესაბამისად, მე ერთადერთი ის შემიძლია, რომ მოგიწოდოთ, ამ დოკუმენტს დეტალურად გაეცნოთ და მედიისა და საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოთ მისი მონიტორინგის პროცესში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობამ დღეს 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი