თეა წულუკიანი - „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული ახსნა მოუწევს, რატომ შექმნეს მოლოდინი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით
თეა წულუკიანი - „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული ახსნა მოუწევს, რატომ შექმნეს მოლოდინი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად „ევროპული საქართველოს“ დასკვნაა, არასერიოზულია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა „ევროპული საქართველოსთვის“ „ერთი დიდი პოლიტიკური კრახია“.

„საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად „ევროპული საქართველოს“ დასკვნაა, არასერიოზულია. პირადად მათთვის ერთი დიდი პოლიტიკური კრახია. გამომდინარე იქიდან, რომ ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, რომ გამოავლენდნენ მკვლელს, თითქოს პროკურატურამ და შსს-მ ვერ გამოავლინეს. ჰპირდებოდნენ, რომ გახსნიდნენ ამ კომპლექსურ და ძალიან სენსიტიურ საქმეს, გამოავლენდნენ პირებს, ვინც დამნაშავეებს ხელა აფარებდა, ვერც ერთი მოლოდინი ვერ გაუმართლეს საზოგადოებას.

ვთვლი, რომ მათ სერიოზული ახსნა მოუწევთ, რატომ შექმნეს მოლოდინი, იყო თუ არა ეს უპასუხისმგებლობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თუ არა მათი საქმიანობა მართლმსაჯულებაში ჩარევა, რადგან როდესაც ჩემს ევროპელ კოლეგებს ვესაუბრები, უკვირთ, როგორ შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტია აწარმოებდეს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განხილვაში აქვს სააპელაციო სასამართლოს. ეს არის ყველასთვის წარმოუდგენელი და ჩემს თვალში როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების პროექტს მოამზადებს.

დატოვე კომენტარი