თეა წულუკიანი - დღევანდელი სასამართლო განაჩენი არის დამოუკიდებელი მოსამართლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი
თეა წულუკიანი - დღევანდელი სასამართლო განაჩენი არის დამოუკიდებელი მოსამართლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი

ჩვენ დღეს ვიხილეთ სასამართლო განაჩენი, ეს არის დამოუკიდებელი მოსამართლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი შემფასებელი დღევანდელი განაჩენის შეიძლება იყოს ისევ მოსამართლე, ოღონდ სააპელაციო ინსტანციაში.

„მოსამართლე, რომელიც ბრმად არ უჯერებს არც დაცვის მხარეს, ბრმად არ უჯერებს არც ბრალდების მხარეს, პროკურატურას და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მის წინაშე გამოაქვს როგორც დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ არბიტრს, მოსამართლეს თავისი განაჩენი, ჩვენ ყველა ამისთვის ვიღვწოდით და ვმუშაობდით. არავის გვაქვს საფუძველი და უფლება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებების შეფასება ვაკეთოთ. ერთადერთი შემფასებელი დღევანდელი განაჩენის შეიძლება იყოს ისევ მოსამართლე, ოღონდ სააპელაციო ინსტანციაში. მე მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ ისინი ამ განაჩენს გაასაჩივრებენ. ამ საქმეზე, ისევე სხვა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ განსაკუთებით ამ საქმეზე, რომელიც ბავშვთა შორის მკვლელობას ეხება, პროკურატურისა და დაზარალებულის ინტერესები არის ერთი. მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ დაზარალებული იმუშავებს გამომძიებელთან და პროკურორთან, რომ სააპელაციო სასამართლოში მართლმსაჯულება იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.