თეა წულუკიანი - ჩემთვის უცნობია, რაზე ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ამ ინსტიტუტის ქებით არის დაკავებული
თეა წულუკიანი - ჩემთვის უცნობია, რაზე ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ამ ინსტიტუტის ქებით არის დაკავებული

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესი გაუგებარი და გაუმჭვირვალე იყო.

თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით რაზე ვერ შედგა კონსენსუსი.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმჭვირვალე პროცესი იყო, რადგან ვერც ის გავიგე, რატომ დაიწყო კონსულტაციები და რატომ დამთავრდა ასე. როდესაც მართლმსაჯულების ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა ხდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სერიოზული შერჩევის პროცესი. ამ პროცესს თავიდანვე ჩემს თვალში არ ჰქონია რაიმე სერიოზულობის ნიშანწყალი და ეს საჯაროდაც ვთქვი. ჩემთვის უცნობია, რაზე ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ამ ინსტიტუტის დაცვითა და ქებით არის დაკავებული. კომენტარსაც ვერ ვაკეთებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა , რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.