თეა გოგოტიშვილი - წყვილების მექანიკური განცალკევება და მათი საპატიმროებში იზოლაცია ზუსტად იგივეა, რაც ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ
თეა გოგოტიშვილი - წყვილების მექანიკური განცალკევება და მათი საპატიმროებში იზოლაცია ზუსტად იგივეა, რაც ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ

წყვილების მექანიკური განცალკევება და მათი საპატიმროებში იზოლაცია ზუსტად იგივეა, რაც ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასეთი განწყობები გვაჩვენებს, რომ საბოლოოდ, ეს არ არის ძალიან ღრმა და რადიკალურ, ფუნდამენტურ შედეგზე გასვლის წინაპირობა“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, კანონის გამკაცრება პრევენციული ხასიათის აღმოჩნდეს და მოძალადის ფსიქოტიპის გათვალისწინებით, ქალთა მიმართ ძალადობის პროცესი შეაფერხოს, თეა გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ კანონის გამკაცრება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რათა ცვლილებები მოხდეს.

„ეს მოახდენს გარკვეული კატეგორიის ადამიანთა უფრო მეტად გაფრთხილებას. იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელები გახსნილი აქვთ და ამაში გარკვეულწილად, მხარს უჭერენ თავიანთი სოციალური წრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მშვიდად მისაღები ქმედებებია. რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტად გაფრთხილდებიან, მაგრამ შედეგის მისაღწევად ასევე საჭიროა პრევენციული მუშაობა“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

მისი თქმით, აფექტის მდგომარეობაში მოქმედი ადამიანისთვის კანონის გამკაცრება ვერანაირად ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი და კანონის გამკაცრებასთან ერთად, საჭიროა პრევენციული მუშაობა.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პირველად და შემდგომ პრევენციას და თუ ძალადობა ერთხელ დაფიქსირდა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აქ მოხდეს ჩარევა. უნდა მოხდეს ვითარების შესწავლა-შეფასება და სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმნის პრობლემას. დამერწმუნეთ, ყველა არ არის იმ მოტივით მოქმედი, რომ ძალაუფლების გამოვლინება სურს. დღეს, ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზულად უჭირს ფსიქოემოციური თვალსაზრისით და ხშირად, მათი ემოციები უმართავია. ეს მათ ქმედებას არ ამართლებს, კატეგორიულად. იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლისთვის ეს არ არის შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ თუ ზომებზე და ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, კანონის გამკაცრება ეფექტიანი იქნება გარკვეულ კატეგორიებზე, ხოლო მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება, რათა ემოცია მართოს და ბრაზის მართვის, რეგულაციის მექანიზმები აითვისოს, ზრუნვაა საჭირო“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს და ქალთა მიმართ ძალადობისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ამას თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება.

„კვლევების შედეგების მიხედვით, ქალები და მამაკაცები ძალიან ხშირად მიიჩნევენ, რომ „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს“. ეს თემა არსებობს და სანამ ჩვენ საზოგადოებაში ეს იარსებებს, ყოველთვის იქნება ფარული, არაცნობიერი განწყობა, რომ ძალადობის გამართლება მოიძებნოს. აუცილებლად უნდა იყოს სოციალური რგოლები და კამპანიები, რომლებიც ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ ადამიანებმა სწორი დამოკიდებულება შეიქმნან, მათ შორის – მოზარდებმაც“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

მისივე თქმით, როცა მედია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს აშუქებს, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ორმაგი გზავნილი.

„აქ არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ კი, მაგრამ, ასეთი კონტექსტი იყო და ა.შ. არ უნდა არსებობდეს არავითარი მაგრამ. გაშუქების თვალსაზრისით, გამოვლენილი უნდა იყოს ცალსახა დამოკიდებულება“, – განაცხადა თეა გოგოტიშვილმა.

დატოვე კომენტარი