თეა გოგოტიშვილი - ბავშვზე ძალადობა არ არის აღზრდის მეთოდი, ტერორი მის პიროვნება აბსოლუტურად თრგუნავს
თეა გოგოტიშვილი - ბავშვზე ძალადობა არ არის აღზრდის მეთოდი, ტერორი მის პიროვნება აბსოლუტურად თრგუნავს

ძალადობა არ არის აღზრდის მეთოდი. ბავშვზე ტერორი არის მისი პიროვნების აბსოლუტურად დათრგუნვა,- ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თეა გოგოტიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბავშვზე ძალადობენ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად, რაც ჩვენს რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სამწუხარო ფაქტია, რომ პრევენციისთვის ბევრი არაფერი კეთდება. საზოგადოება იმ მენტალობის მქონეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება ჩვეულებრივი მოვლენაა. მადლობა ღმერთს, ყველა ასე არ არის, მაგრამ ბავშვზე წარტყმა-წამორტყმა და მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ამბად საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

მისი თქმით, ადამიანებს არგუმენტად შუა საუკუნეების ტრადიციები მოჰყავთ, როგორ ზრდიდნენ ბავშვებს სხვა ეპოქებში, მაგრამ კითხვას არავინ სვამს, ეს ბავშვებზე როგორ მოქმედებდა.

„ჩვენი ეპოქა ჰუმანიზებულია და აღარ არის ის დრო, როდესაც თვითდამკვიდრებისთვის ფიზიკური ანგარიშსწორება ერთადერთი გზაა. აბსოლუტურად სხვა კონტექსტია და დღეს ბავშვებთან იმ ძველი მანკიერი მეთოდებით მიდგომა, რაც სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში კვლავ გადმონაშთია, არის ის წინაპირობა, რომელიც სავალალო შედეგების რისკებს ქმნის“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად არის გამოსავალი და მოკლე, ეფექტიანი გზა ვითარების შესაცვლელად, თეა გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ ამ მხრივ მედიას ძალიან დიდი ბერკეტი აქვს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემები უნდა არსებობდეს.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მენტალობის ცვლილებაზე, ინფორმირებულობაზე ორიენტირებული ძალიან სისტემური მიდგომა. აუცილებელია საზოგადოების განწყობების ცვლა. საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მომართული. ბაღები და სკოლები ის სოციალური სეგმენტებია, რომლებიც უნდა იყოს პირდაპირ მომართული, რომ ბავშვზე ძალადობა არ ხორციელდებოდეს. ეს არის მთავარი პრევენციული ზომა“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა წილი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას, როდესაც ოჯახში ბავშვზე ძალადობენ, თეა გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ როცა ვიცით, ჩვენ გვერდით ბავშვზე ძალადობენ, საზოგადოება „სხვისი ჭირი – ღობის ჩხირი“ პრინციპით არ უნდა მოქმედებდეს.