თეა ახვლედიანი - ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს და ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მივაღწიოთ
თეა ახვლედიანი - ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს და ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მივაღწიოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი დესტრუქციულ პოლიტიკას და ქმედებებს განაგრძობს. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებით დღეს კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა.

როგორც ახვლედიანი ამბობს, უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით ყველა ბერკეტს იყენებენ.

ამასთან, თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს.

„სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი თავის დესტრუქციულ პოლიტიკას და ქმედებებს განაგრძობს, რაც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და უკანონო პატიმრიბაზე. დღესდღეობით ჩვენი რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. სასიხარულოა, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან ფაზიაშვი.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. დღეს სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადაგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ და ამისთვის ჩვენ ყველა არსებულ ბერკეტს ვიყენებთ. დაწყებული იმ არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. რაც მთავარია, ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს და შედეგს, ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მივაღწიოთ“, – განცხადა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა.