თეა ახვლედიანი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო, დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო
თეა ახვლედიანი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო, დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო

იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვრივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, დათა ვანიშვილის სახლი აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზის მიღმა, მას არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და ურთულეს პირობებში ცხოვრების მიუხედავად, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

სახელმწიფო მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს 88 წლის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაცო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი.

დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონებში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ამასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, „უპირველესად, როგორც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას. საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას“.

„ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, ყველა შესაძლო რესურსის და მექანიზმის გამოყენებით. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ენიჭება საერთაშორისო პარტნიორების გაძლიერებულ ძალისხმევას და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე მცხოვრები ადამიანების ურთულეს ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დათა ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს“, – აცხადებენ თეა ახვლედიანი.