თბილისში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული
თბილისში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული

თბილისში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქებისას დაშავებული ერთი პირი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მისი მკურნალი ექიმის გოგი წერეთლის თქმით, 40 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„რეანიმაციის განყოფილებაში შემოვიდა 40 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს თერმული დამწვრობა, სასუნთქი გზების თერმო-ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. ამ ეტაპისთვის პაციენტს უტარდება ინტენსიური ანტიშოკური თერაპია, ვიტალური ფუნქციების მონიტორინგი. პაციენტი მძიმეა, დამწვრობა კრიტიკულია“, – განაცხადა გოგი წერეთელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება ხუთმა მოქალაქემ მიიღო. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე პრიმა მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.