თბილისში "იუვენტუსის" კემპი გაიხსნა
თბილისში "იუვენტუსის" კემპი გაიხსნა

თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის” ბაზაზე ტურინის „იუვენტუსის“ კემპი გაიხსნა. პროექტი ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთისა“ და იტალიური გრანდის ქართული ფარმ-კლუბის ორგანიზებით განხორციელდა.

კემპი 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართველი ბავშვები 5 დღე „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. „იუვენტუსის“ კემპის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„იტალიურ კლუბს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ახალი, საინტერესო ქვეყნის ათვისება სურდა. მოლაპარაკება „იუვენტუსის” ოფისში წარიმართა, თანამშრომლობის ხელშეკრულება კი ზაფხულში გაფორმდა. მიხარია, საქართველოში ასეთი საინტერესო პროექტი რომ განვახორციელეთ” – ამბობს ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის” დამფუძნებელი ლევან სეთურიძე.

პეტრე სარდანაძე, „თავისუფალი ფეხბურთის” პროექტების მენეჯერი: „საქართველოში კლუბმა საკუთარი აკადემიის მწვრთნელები გამოაგზავნა, რომლებიც 100-მდე ბავშვს 5-დღიან მასტერკლასებს ჩაუტარებენ და „იუვენტუსის” ფილოსოფიასა და ვარჯიშის მეთოდებს გააცნობენ”.

ირაკლი გვილავა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი: „თბილისის მერია საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელებას ყველანაირად შეუწყობს ხელს. ეს ჩვენი ბავეშვების, ჩვენი ფეხბურთის უკეთესი მომავლის წინაპირობა გახდება“.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: „პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვები „იუვენტუსის” კემპზე უფასოდ ივარჯიშებდნენ. ფეხბურთი სახალხო თამაშია და თავის გამოვლენის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს“.

„თავისუფალი ფეხბურთის” ინიციატივით, „ზესტაფონის“ ბაზა 25 ივნისიდან 1 ივლისამდე მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლას მასპინძლობდა. სეთურიძის განცხადებით, მათი მიზანი საქართველოში ერთ-ერთი ევროპული გრანდის საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებაა.