თბილისში ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური დაზიანებისთვის ჯარიმა 1 000-დან 6 000-ლარამდე იქნება
თბილისში ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური დაზიანებისთვის ჯარიმა 1 000-დან 6 000-ლარამდე იქნება

თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის მსგავსად, მათი დაზიანებაც დასჯადი ქმედება ხდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებებით სამართალდარღვევის სახის დაზუსტება მოხდება, რადგან კანონმდებლობაში დაზიანება პირდაპირ მითითებული არ იყო, რაც ხშირ შემთხვევაში პრაქტიკაში გაუგებრობას იწვევდა. ინიციატივის მიხედვით, ჯარიმის ოდენობები იზრდება.

კერძოდ, ფიზიკური პირის შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმა ორმაგდება და 1000 ლარი ხდება, იურიდიული პირის შემთხვევაში, 2000-ლარიანი ჯარიმა – 3000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, მკაცრდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ დამცავ ზონაში დადგენილი ზემოთხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაც.

კერძოდ, ფიზიკური პირის შემთხვევაში, 1000-ლარიანი ჯარიმა ორმაგდება და 2000 ლარი ხდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 4000-ლარიანი 6000 ლარი.