თბილისში არც პაველ სავიცკი ჩამოსულა - ბელარუსებს მთავარი ბომბარდირიც დააკლდათ
თბილისში არც პაველ სავიცკი ჩამოსულა - ბელარუსებს მთავარი ბომბარდირიც დააკლდათ

ბელარუსების ნაკრების გულშემატკივრებს გაუხარდათ, 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას მაყურებელები რომ არ დაესწრებან, მაგრამ ბელარუსის ნაკრებს ისეთი საკადრო პრობლემები შეექმნა, რაც მათ შანსებს საგრძნობლად ამცირებს.

თბილისში ჩამოსულ გუნდს პაველ სავიცკიც დააკლდა – ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველი ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩზე საქართველოში არ ჩამოფრინდა. ბრესტის „დინამოს“ 26 წლის ნახევარმცველს კუნთი დაუზიანდა.

სავიცკი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო. უეფა-მ ამ ციკლში შესარჩევ შეხვედრაში გატანილი გოლების ათეულში ბელარუსი ნახევარმცველის მიერ ბულგარეთის კარში გატანილი გოლიც დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამომგზავრებამდე, ბელარუსის ნაკრებს ორი მოთამაშე გამოაკლდა – „ბატეს“ მეკარე დენის შჩერბიცკი და ტულას „არსენალის“ მარჯვენა ნახევარმცველი იური კოვალევი.

გაფართოებულ სიაშიც არ იყო მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელი ილია შკურინი – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშს არ აპირებს.

თბილისში არც სტანისლავ დრაგუნი ჩამოსულა – ბელარუსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და „ბატეს“ 32 წლის ნახევარმცველი, რომელიც არაოფიციალური ცნობით, ოპოზიციის მხარადჭერისთვის გაწირეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.