თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზრდილმა კლინიკა უკვე დატოვა
თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზრდილმა კლინიკა უკვე დატოვა

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზრდილმა კლინიკა უკვე დატოვა.

როგორც პირველ არხს ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

„პაციენტებს ჩაუტარდათ სათანადო მკურნალობა და კვლევები. მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, რის შემდეგაც ორივე მათგანმა დატოვა სამედიცინო დაწესებულება“, – აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ ექვს მოზარდს, მათგან იაშვილის კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება. ოთხი წლის გოგონა, ოპერაციის შემდეგ, მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.