თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება
თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება

თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთის რაიონში, ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორიაზე, ​სამგორში, ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორიაზე, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებულ სივრცეში, ასევე დიდუბეში, სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკეში, გეგეშიძის ბაღში.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს და კონკრეტულად ამ ორი დღის განმავლობაში ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, თბილისობის შემდეგ კი ამ ადგილებში გარევაჭრობა ისევ შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.