თბილისმა საბრძოლო ხელოვნება ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა – 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა გამარჯვებული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინეს – როგორც კაცებში, ასევე ქალებში.
ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ (jiu-jitsu brasileiro) არის საბრძოლო ხელოვნება, რომლის საფუძველია ბრძოლა პარტერში, სადაც მთავარია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. ეს ხელოვნება წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში კოდოკანის ძიუდოსგან, რომელიც იყო დამოუკიდებელი საბრძოლო სისტემა (დაარსდა 1882 წელს). იგი ეფუძნება პრინციპს, რომ ფიზიკურად არც ისე ძლიერ ადამიანს, სათანადო ტექნიკის გამოყენებით, შეუძლია წარმატებით დაიცვას თავი ძლიერი მოწინააღმდეგისგან და დაამარცხოს.
ტურნირი ბრიტანულ აკადემიაში გაიმართა, რომელიც საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის პარტნიორია. საქართველოში ამ საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია 1989 წელს დაფუძნდა, ხოლო ბრაზილიური ნაირსახეობა სამი წელია დაინერგა და მას შემდეგ, ფედერაციის ხელმძღვანელები, საერთაშორისო ტურნირებს სისტემატურად ატარებენ. ტურნირი საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით მიმდინარეობდა.