თბილისის ვიცე-მერი - ბიუჯეტის ზრდაზე თბილისის მერსა და ფინანსთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თბილისის ვიცე-მერი - ბიუჯეტის ზრდაზე თბილისის მერსა და ფინანსთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისის მერსა და ფინანსთა მინისტრს შორის, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან საბიუჯეტო ტრანსფერი გაიზრდება, აღნიშნული თანხა მოხმარდება იმ პროგრამებს, რომელთაც საზოგადოებამ დაუჭირა მხარი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო პროექტები.

„დიდი ალბათობით, გაიზრდება. რაოდენობაზე საუბრისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი და თუ მოხდება ზრდა, მას მივმართავთ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებზე“, – განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივებს, თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი ინიციატივების დაფინანსების წყაროები დედაქალაქის მთავრობისთვის პრინციპულად მიუღებელია.

„ჩვენ თბილისის მთავრობაში კონკრეტული საარჩევნო პროგრამით მოვედით. მოსახლეობამ ამას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ნებისმიერი თავისუფალი სახსრები, რომელიც მოიძებნება ბიუჯეტში, ან საბიუჯეტო ტრანსფერის გაზრდის შედეგად, დარწმუნებული ვართ, რომ პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ზუსტად იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

45 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის მერიაში გადაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირა.