თბილისის მერიისთვის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებით დაბრუნებას საკრებულომ მხარი დაუჭირა
თბილისის მერიისთვის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებით დაბრუნებას საკრებულომ მხარი დაუჭირა

45 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის მერიაში გადაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი თბილისის საკრებულოდან იუწყება.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა, ყველა კომისიამ განიხილა და წინადადებები დასკვნის სახით წარმოადგინა.

როგორც სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წინა მთავრობის მიერ იყო წარმოდგენილი, საჭიროებს კორექტირებას.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი იყოს მორგებული იმ წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელიც მერს და უმრავლესობას ჰქონდა.

ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას სთავაზობს საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო”.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ელენე ოზაშვილი აცხადებს, უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს გათავისუფლებული თანხები გადანაწილდეს სოციალურად დაუცველებზე და მოემატოთ პენსია 50 ლარის ოდენობით.