თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბარამიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმე რუსული სტილით ბინძური ცილისწამებაა.
როგორც ბარამიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, შეთითხნილი ბრალდების გამო ასამართლებენ.
ბარამიძის თქმით, საქმე ეხება იმას, გააკეთა თუ არა კონკრეტული განცხადება და ამან მოუტანა თუ არა ზიანი ქვეყანას.
„უბრალოდ პოლიტიკურად მოტივირებული კი არაა, ამ რეჟიმის მხრიდანაც ასეთი სიბინძურის მოფიქრება წარმოუდგენელი იყო. ბინძური ცილისწამებაა რუსული სტილით, რომლის მიზანია არა მარტო ის, რომ მე დისკომფორტი შემიქმნას, არამედ შეასრულოს ორი მიზანი – ასიამოვნოს რუსეთს და ჩემი რეპუტაცია გააშავონ, ამოსვარონ. საქმე ეხება იმას, რაღაცა ვთქვი თუ არა და ამან ჩვენს სამშობლოს მოუტანა თუ არა ვნება. პროკურატურა ამბობს, გინდა თუ არა, შენ თქვი, ჩვენები ხალხს ხვრეტდნენო. თან იციან, რაც ვთქვი, განვმარტე ეს, ვიდრე საქმე აღიძვრებოდა. პროკურატურამ ჩაამატა ადგილზე ხვრეტდნენო, თითქოს ასე ვთქვი. როგორ შეიძლება, ფრაზაში სიტყვა ჩაამატო იმიტომ, რომ ტყუილი გაამართლო? განვმარტე, ვინმემ თუ ისე გაიგო, სწორი არ იყო ეს სიტყვა. ომის მწარე რეალობის თაობაზე ვილაპარაკე მწარე სიმართლე, რომ ადამიანები ომის დროს არ რისკავდნენ, აეყვანათ ტყვეები, არ გყავს ტყვე, ვერავის დახვრეტ. რეჟიმი რას მედავება, რომ მე, გინდა თუ არა, ის ვთქვი, რაც ქვეყანას ზიანს მოუტანს? ვამბობ, რომ არ მითქვამს. ეს მართლა რომ მეთქვა, ესეც არაა დასჯადი, თუნდაც ამ პროკურატურის სტანდარტით. შეთითხნილი ბრალდება და ყველას დროის უსაგნო ფლანგვაა. ვიღებ კრიტიკას, ის სიტყვა არ უნდა გამომეყენებინა, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინა. ვინმეს უნებლიეთ თუ გული ვატკინე, ბოდიში მოვუხადე, ყველანაირი ფორმით განვმარტე ჩემი ინტერვიუ, რომელსაც წაკითხვა უნდა“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარამიძის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, „მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში“.
სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 12 სექტემბერს შეუფარდა.