თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გურამ კაკულიების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, დაკავებისას პოლიციელებმა ნაქირავებ ბინაში იარაღები ჩაუდეს.

საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა და აღნიშნა, რომ გორგასლის ქუჩაზე ნაქირავები ბინის ჩხრეკას ბინის მეპატრონე, ექსპერტები და პოლიციელები ესწრებოდნენ და ისინი იარაღის ჩადებას არ ადასტურებენ.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. დაცვის მხარე ბრალდების მხარის რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა კი 12 სექტემბერს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

გურამ და დავით კაკულიები ბრალს არ აღიარებენ.