თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა იმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი გადაწყდება და მხარეები შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილებას, ახვლედიანთან შეთანხმებით, ერთობლივად მიიღებენ.

აფციაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ მხარეებმა მასალები გაცვალეს და დაცვას გადაეცა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერაა დაწერილი.

კომენტარი გააკეთა თავად ალექსი ახვლედიანმაც, რომელმაც საქმის შეწყვეტა მოითხოვა და აღნიშნა, რომ იარაღი დაუდევრად შენახული არ ჰქონია.

„რამდენიმე დღის წინ, საქმის მასალებთან ერთად, ექსპერტის დასკვნაც გადმომეცა, კალიგრაფიული ექსპერტიზაა და დადასტურდა, რომ რიჟვაძის ხელნაწერია. ახვლედიანმა სივრცეში რამდენიმე წამით დატოვა ხელჩანთა, იარაღი იყო ჩანთაში, აბაზანაში ხელის დასაბანად შევიდა, შიგნით ვერ შეიტანდა, არ ვიცი, ეს თუ ჩაითვლება დაუდევრობად. საქმის შეწყვეტას მოვითხოვთ. რამდენიმე წამია, კადრების მიხედვით, ასე ჩანს. როცა ჩავთვლით საჭიროდ, კადრებს მაშინ გავასაჯაროებთ. რიჟვაძე გამოკითხული არაა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენებას ვერ მისცემს“, – განაცხადა აფციაურმა.

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს. ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე  სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.