თბილისის საკრებულოში სხდომა დასრულდა, შენობის გარეთ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება
თბილისის საკრებულოში სხდომა დასრულდა, შენობის გარეთ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებითა და კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მომხდარი დაპირისპირების შეფასებით დაიწყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის განმარტებით, დღევანდელ სხდომას ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, დღევანდელი ინციდენტი სამწუხარო ფაქტია. თუმცა მათი თქმით, ყველა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი პიროვნულ შეურაცხყოფაზე ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

სხდომა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით,  სხდომათა დარბაზში ლილე ლიპარტელიანი დაბრუნდა და საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, ინციდენტის შემდეგ მიმართა თუ არა სამართალდამცველებს, ასევე რატომ არ ხდება საშვების დაშვება სხდომაზე სხვადასხვა პირის დასწრების მიზნით.

ლილე ლიპარტელიანმა მონიტორი გათიშა, რის გამოც საკრებულოს წევრებმა  დარჩენილ საკითხებს კენჭი ხელის აწევით უყარეს. სხდომა უკვე დასრულებულია.

თბილისის საკრებულოს სხდომის პარალელურად, შენობის ცენტრალურ შესასვლელთან დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მოძრაობა „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წევრები. აქციას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.