თბილისის საკრებულოში დღევანდელი აქცია დასრულდა
თბილისის საკრებულოში დღევანდელი აქცია დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს ტოვებენ. შენობა უკვე დატოვეს აქციის სხვა მონაწილეებმაც.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ღამე აპირებდნენ შენობაში დარჩენას და დილით პროტესტის განახლებას, შექმნილი ვითარება არ აძლევთ ამის საშუალებას.

კერძოდ, მისი თქმით, იმ ფონზე, როცა 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელება არის შეუძლებელი.

„პროტესტი გაგრძელდება. ცხადია, არსად არ მიდის ეს პროტესტი. ეს არ ყოფილა ჩვენი ახირება, ეს კაცი, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს ქვეყანას, აღარ უნდა იყოს საკრებულოში. უმრავლესობა მოიწვევს უმრავლესობას. ძალიან ცუდად მეტყველებს მათზე ის, რომ ამ ვითარებაში ისიც კი ვერ გადაწყვიტეს, როდის იქნება ეს უმრავლესობის სხდომა, სადაც საზოგადოებას გააგებინებენ, როდის დაისჯება ეს ადამიანი. თუმცა, ეს იქნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ ახლა უბრალოდ პროტესტზე მორატორიუმს ვაცხადებთ, რადგან ძალიან მძიმე ვითარებაა. რაც მოხდა, აქედან გამომდინარე, მორატორიუმს ვაცხადებთ სხდომის ჩატარებამდე და რეაქცია იქნება მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. თუ ისინი შეეცდებიან, გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან და არ დასაჯონ ეს ადამიანი, კიდეც უფრო მწვავე პროტესტს მიიღებენ. ფეხს არ მოვიცვლით აქედან. დღეს ვაპირებდით დარჩენას ღამით და დილით პროტესტის განახლებას. ამ ვითარებაში შეუძლებლად მიგვაჩნია  გაგრძელება, თუმცა უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს სწრაფად, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და ამ გადაწყვეტილების მიხედვით ჩვენი სამოქმედო გეგმა იქნება ადეკვატური“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის აღნიშნული განცხადება გააპროტესტეს.