თბილისის პოლიციის დეპარტამენტში „ქართული მარშის“ სამი წევრისა და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულდა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტში „ქართული მარშის“ სამი წევრისა და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულდა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში „ქართული მარშის“ სამი წევრისა და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩს მოარიდეს.

„ჩამსვეს მანქანაში და მომიყვანეს სამმართველოში. თამაში მორჩა და გამოგვიშვეს. გურამ კაშიას და ლევან კობიაშვილის შიშის გამო გაგვარიდეს ამ ყველაფერს და ალბათ ყველა ხვდება, რას ვუკავშირებ მათ ამ ქმედებას. მინდა, მოსახლეობას მივმართო, რომ როცა ევროპაშიც იქნება თამაში, ჩვენ ემიგრანტებთან ერთად დავგმობთ გურამ კაშიას ქმედებას, რადგან ვთვლით, რომ მან უნდა მოიხადოს ბოდიში“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

„ქართული მარშის“ წევრების თქმით, დაკავების ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობი იყო და არ გამორიცხავენ, რომ არაერთხელ მოუწევთ გამოკითხვაზე მისვლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 29 აგვისტოს გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს გამოკითხვაზე „ქართული მარშის“ წევრები: კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე, ასევე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი – გურამ ფალავანდიშვილი.