მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თბილისის მეტრო დღეს სავარაუდოდ 14:00 საათზე გაიხსნება
მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თბილისის მეტრო დღეს სავარაუდოდ 14:00 საათზე გაიხსნება

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მეტრო დღეს 14:00 საათისთვის ამუშავდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროს ერთ-ერთმა მემანქანემ რატი კაპანაძემ განუცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მისი თქმით, თბილისის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი პროცენტით გაიზრდება მათი ხელფასები. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.

მემანქანეებმა კარვები უკვე აიღეს და გლდანი დეპოს ტერიტორია დატოვეს.

„შეთანხმება მიღწეულია, მეტროპოლიტენი დღეს ამუშავდება, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ეს იქნება ორი საათისთვის. რაც შეეხება შეხვედრას, კიდევ ერთხელ გულდასმით დავაყენეთ ჩვენი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. მინდა, ვთქვა, რომ ნდობის საფუძველი არის. ძირითადი საკითხი, რაც დავაყენეთ, არის სამუშაო პროცესში და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით ზუსტად ის მარჟა, რაც ჩვენი მინიმუმი იყო დაყენებული, შესრულდება“ – განაცხადა რატი კაპანაძემ.

კახა კალაძეს გაფიცული მემანქანეები გვიან ღამით შეხვდნენ, რის შემდეგაც თბილისის მერთან შეხვედრის დეტალები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა მემანქანეებთან ერთად განიხილეს და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისის მეტროპოლიტენი უკვე ორი დღეა გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.

მეტროს მემანქანეებმა კარვები აიღეს

დატოვე კომენტარი