თბილისის მერსა და ტაქსის მძღოლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება
თბილისის მერსა და ტაქსის მძღოლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება

ტაქსის მძღოლებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს შეხვდება. აქციის მონაწილეების უკმაყოფილების მიზეზი ტაქსების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ის რეგულაციებია, რომლის მიხედვით, მანქანის ფერზე შეზღუდვა წესდება, მარჯვენასაჭიანი ტაქსებით მომსახურება კი იკრძალება.

თუ დედაქალაქის მთავრობა ოქტომბრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებს არ გადადებს ან გააუქმებს, მძღოლები მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებით იმუქრებიან.

„კახა კალაძე იმედია, დაფიქრდება და მიიღებს გადაწყვეტილებას, წამოვიდეს დათმობაზე. თუ ბატონი კახა დათმობაზე არ წამოვა, მიიღებს საპროტესტო მარშებს, აქციებს. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ტაქსის მძღოლმა ვალერი ქადაგიშვილმა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერია გარკვეულ დათმობებზე წავიდა. თბილისის მერი ფიქრობს, რომ ეს მოთხოვნები უკვე „ლეიბორისტულ პარტიას“ ეკუთვნის.

„შევისწავლეთ ყველანაირი მდგომარეობა, მათი სოციალური პრობლემები. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, მტკივნეული რომ არ ყოფილიყო მათთვის, რომ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. საპარკინგე ადგილებს ვუკეთებთ უფასოდ, ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ასევე გადაღებვა იქნება უფასო, საშემოსავლო გადასახადებიდან, ჩვენი ინიციატივით, გათავისუფლებულები იქნებიან. რეკლამიდან შემოსული თანხები იქნება მათი საკუთრება. უკვე მგონია, რომ ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს. ასე არ გამოვა. ჩვენ გვინდა, მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება“,- განაცხადა კახა კალაძე.

ტაქსის მძღოლების ნაწილმა გუშინ აქცია გამართა. აღმაშენებლის ხეივნიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობით მივიდნენ და ტაქსების რეფორმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან ავტომობილზე თეთრი ფირის გადაკვრაზე. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ფირის გადაკვრა მათ ავტომობილს დააზიანებს.