თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი - თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ინვესტორებს ძალიან გამოადგებათ
თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი - თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ინვესტორებს ძალიან გამოადგებათ

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა არის ყველა იმ ინვესტორისთვის, ვინც დედაქალაქში ინვესტირებას აპირებს, – ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ძალიან გამოადგებათ ინვესტორებს თანხის კონკრეტულ სექტორში ჩადების გადაწყვეტილებამდე.

„კვლევასთან დაკავშირებით იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა გასული წლის ბოლოს. კვლევა ემსახურება თბილისის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ემსახურება თბილისის ეკონომიკის დივერსიფიკაციას. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ინვესტირება მოხდეს ისეთ სექტორებსა და ქვესექტორებში, რომელსაც აქვს ზრდის მაღალი პოტენციალი. გამოკვეთილი სექტორი არის, რა თქმა უნდა, ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი, იყო შესწავლილი ჯანდაცვის სექტორი ნიშურ სფეროებში, როგორიც არის პლასტიკური ქირურგია, ასევე ფარმაცევტიკა და გამოიკვეთა ბიზნესპროცესების აუთსორსინგი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისი თქმით, კვლევის ჩატარებაზე 160 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტი საჯაროა და თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„კვლევა არის ყველა იმ ინვესტორისთვის, ვინც აპირებს ინვესტირებას. ვფიქრობ, ძალიან კარგი დოკუმენტია და გამოადგებათ, სანამ თბილისში ინვესტირების გადაწყვეტილებას მიიღებენ. ინვესტორების მხრიდან თბილისში მაღალი ინტერესია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ინტერესი შენარჩუნდეს და მეტი ინვესტიცია განხორციელდეს“, – აღნიშნა თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი ინვესტირება ტურიზმის სფეროში ხდება.

„ძალიან დიდი პოტენციალი არის კრეატიულ სექტორში, რომლის ბრუნვაც დაახლოებით 60 მილიონამდე ავიდა გასულ წელს, მაშინ, როცა ხუთი წლის ბრუნვა 10 მილიონიც არ იყო, ამიტომ ძალიან მზარდი სექტორია და ვფიქრობ, საჭიროებს გარკვეულ ხელშეწყობას. ამაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორულ კვლევა კომპანია „დელოიტ საქართველომ“ (Deloitte) თბილისის მერიის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ასევე ფარმაცევტული და კრეატიული სექტორები.