თბილისის მერია - სექტემბერში შესაძლებელი იქნება, აკური-ალმასიანის კვეთაზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა და მოხდეს ადგილმონაცვლეობა
თბილისის მერია - სექტემბერში შესაძლებელი იქნება, აკური-ალმასიანის კვეთაზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა და მოხდეს ადგილმონაცვლეობა

სექტემბერში შესაძლებელი იქნება, აკური-ალმასიანის კვეთაზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა და მოხდეს ადგილმონაცვლეობა, – ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ბოლოთაშვილმა თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციას საპასუხოდ განაცხადა.

თეიმურაზ ბოლოთაშვილის თქმით აკური-ალმასიანის ქუჩების კვეთაზე მშენებლობის შესახებ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნაკვეთის გარკვეული ნაწილი გაცვალოს სხვა ტერიტორიაზე, ხოლო აკური-ალმასიანის ქუჩის კვეთაზე შენობის გარკვეული მოცულობა მაინც აშენდეს.

„ეს არის ძველი პრობლემური საკითხი, რომელიც არის სენსიტიური როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ტერიტორია მდებარეობს სპორტის სასახლის უკან. მოცულობა რაც იყო განსაზღვრული შეჩერებული მშენებლობის დასასრულებლად, კატასტროფულად დიდია და გამოიწვევს ამ ტერიტორიის კიდევ უფრო დატვირთვას, ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებასა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან, რომ მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი გაცვალოს სხვა ტერიტორიაზე, კონკრეტულად ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში აკური-ალმასიანის ქუჩის კვეთაზე გარკვეული მოცულობა მაინც აშენდება, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე თავიდან იყო განსაზღვრული. დანარჩენი აშენდება ნუცუბიძეზე. ეს პირობა აბსოლუტურად მისაღები იყო მოქალაქეთა ჯგუფისა და ინვესტორისათვის“, – განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.

მისივე განცხადებით, იმ ადგილზე, რომელსაც მერია ნუცუბიძის ქუჩის ტერიტორიაზე ცვლის, გამგეობის მხარდაჭერით, მოეწყობა კეთილმოწყობილი სკვერი.

„ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროცესი, დაახლოებით ორი კვირის წინ დასრულდა ეს პროცესი, თავად ქონდათ მესაკუთრეებს პრობლემა ერთმანეთის თანხმობების აღების კუთხით და ჩვენ ველოდებოდით ამ პრობლემის მოგვარებას. ამ ეტაპზე გამიჯვნა დასრულებულია და ქონების მართვის სააგენტო იწყებს უკვე მონაცვლეობის პროცესს. იმ ადგილზე, რომელსაც მერია ნუცუბიძის ქუჩის ტერიტორიაზე ცვლის, გამგეობის მხარდაჭერით, მოეწყობა კეთილმოწყობილი სკვერი.

ის, რა მოცულობაც არის ჩვენთვის მისაღები, შესაბამისი პროექტი არის შეთანხმებული და გვაქვს გადადებული გვერდზე, რადგან ველოდებით როდის დასრულდება ტერიტორიის მონაცვლეობის პროცესი, რათა გავცეთ მშენებლობის ნებართვა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ ბოლომდე სცენარი, ნუცუბიძეზე რას ვაძლევთ მოსახლეობას, ბუნებრივია, მანამდე თავს ვიკავებთ აკურის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისგან. დახლოებით ერთ თვეში განხორციელდება მონაცვლეობის პროცესი, ასევე შეჩერებული მშნებლობის კომისიაში ჩვენ პარალელურად ვიმსჯელებთ ნუცუბიძეზე კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრაზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს მონაცვლეობა საჭიროებს საკრებულოს ჩართულობას, საკრებულოში კი სხდომა აგვისტოში არ გვექნება, ეს პროცესი გადაიდება სექტემბრისთვის. სექტემბრის თვეში შესაძლებელი იქნება აკური-ალმასიანის კვეთაზე გაცემული იქნას მშენებლობის ნებართვა და მოხდეს ადგილმონაცვლეობა“, – განაცხადა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს მოსახლეობა და შეხვედრა გუშინაც შედგა მერიის წარმომადგენლებთან.

„კომუნიკაცია გვაქვს ინვესტორთანაც, ამიტომ ნამდვილად გაუგებარია გამოხატვის ეს ფორმა. მესმის, რომ მოსახლეობას სურს პროცესის დაჩქარება, მაგრამ პროცესი მაქსიმალურად სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.

თბილისის მერიასთან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.