თბილისის გრანდ სლემზე დღეს 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 11 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება შეხვედრები კაცებში -73კგ, -81კგ და ქალებში -63კგ, -70კგ წონით კატეგორიებში.
საქართველოს ნაკრებიდან დღეს იასპარეზებენ:
-73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი;
-81 კგ – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ლევან გუგავა, დიმიტრი გოჩილაიძე;
-63 კგ – რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი;
-70 კგ – ინდირა სილაგაძე;
გრანდ სლემზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტის საშუალებით, ისე ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე. წინასწარი შეხვედრები 11:30-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 17:00-ზე. შეგახსენებთ,რომ თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად იასპარეზეს.
60 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ახალგაზრდა ძიუდოისტები თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ორთაბრძოლაში უფრო გამოცდილმა ნოზაძემ, დამატებითი დროის მეოთხე წუთზე ლამაზი გდებით გაიმარჯვა და თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. 66 კგ-ში ვერცხლის მედალი ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა. ქართველს ფინალში ტრავმის გამო არ უჭიდავია. ამავე წონაში მესამე ადგილზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა. ტურნირზე გამომსვლელი ქალებიდან ეთერ ლიპარტიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელმაც მედლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარია ბილოდიდი დაამარცხა.