ძიუდო | თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, დემეტრაშვილი და ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან შვიდი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურნირზე გამომსვლელი ოთხი მძიმეწონოსნიდან სამი – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი მედლების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ. თუშიშვილმა მეოთხედფინალში ლამაზი გდებით სლოვაკი ფიზელი დაამარცხა და ნახევარფინალში ყაზახ ყაზიბაიევს დაუპირიპირდება. ინანეიშვილმა და დემეტრაშვილმა კი მეოთხედფინალური დაპირისპირებები დათმეს და ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

შეჯიბრზე პატარა სენსაცია მოახდინა ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ), რომელმაც წონის პირველი ნომერი, კანადელი რეისი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.