თბილისის „დინამოს“ ერთადერთი ევროტიტულის ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT

41 წლის წინ ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი წარმატება იზეიმა – 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა „დინამომ“ გერმანიის ქალაქ იენის „კარლ ცაისი” დაამარცხა და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ფინალში ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს, მაგრამ 67-ზე წონასწორობა ვლადიმერ გუცაევმა აღადგინა, ხოლო 87-ე წუთზე „დინამოს“ გამარჯვება ვიტალი დარასელიას გოლმა მოუტანა.

ამ გუნდისთვის 1976-1981 წლები დიდი წარმატების პერიოდი იყო – გუნდმა ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თითოჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ორჯერ კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამის გვირგვინი იყო ევროპული თასის მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირიდან ევროპული თასი მხოლოდ უკრაინულმა (კიევის „დინამო“) და ქართულმა (თბილისის „დინამო“) გუნდებმა მოიპოვეს. რუსულ კლუბებს კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ამხელა წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

თბილისის „დინამოს“ წარმატება დიდი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის დამსახურება იყო. დღევანდელი გადასახედიდან ანომალიად ჩანს, რომ გუნდმა წარმატებას ლეგიონერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი რესურსით მიაღწია – „დინამოს“ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი საქართველოში იყო გაზრდილი.

თბილისის „დინამო“ საშინაო წაუგებელი სერიით საბჭოთა კავშირის რეკორდსმენია – გუნდს 1975 წლის 21 სექტემბრიდან 1980 წლის 19 ივნისამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა და თასზე თბილისში გამართული მატჩი არ წაუგია.

ამ პერიოდში „დინამომ“ ევროტურნირებზე მხოლოდ ორი თამაში წააგო – 1976 წელს თასების მფლობელთა თასზე უნგრულ მტკ-სთან 1:4 და 1979 წელს ჩემპიონთა თასზე გერმანულ „ჰამბურგთან“ 2:3. საერთო სტატისტიკით, ჩემპიონატში, თასზე და ევროტურნირებზე გუნდმა 62 წაუგებელი საშინაო მატჩი (46 ჩემპიონატში, 9 თასზე და 6 ევროტურნირებზე) ჩაატარა.

იმ პერიოდში ერთხელ იყო, როდესაც „დინამო“ საქართველოს ნაკრების სახელით გამოვიდა – 1979 წლის სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ 1980 წელს „დინამომ“ ბუქარესტში რუმინეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

იენის „კარლ ცაისი“ იყო ერთ-ერთი საბაზო გუნდი მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების, რომელიც 1976 წელს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, ხოლო 1980 წელს – ვერცხლის მედალოსანი.

1981 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში „ფრანც ფუტბოლმა“ ორი ქართველი დაასახელა – რამაზ შენგელია (მე-7 ადგილი) და ალექსანდრე ჩივაძე (მე-8), ხოლო დავით ყიფიანი მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.


დინამო (თბილისი) 2:1 კარლ ცაისი(იენა, გდრ)


13 მაისი, 1981. ფინალი. გფრ, დიუსელდორფი, რეინშტადიონი. 9800

გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)

დინამო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე(ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

კარლ ცაისი: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ოევერმანი 89), ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ (ტომას ტიოპფერი 76), იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი

მწვრთნელი: ჰანს-იოახიმ მეიერი

მსაჯები: რიკარდო ლატანცი (იტალია)