თბილისის „დინამომ“ გორში „დილა“ დაამარცხა და მესამე ადგილამდე აღზევდა
თბილისის „დინამომ“ გორში „დილა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ამ მატჩით დაიწყო „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე- 17 ტური.
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა: ანგარიში მე-5 წუთზე „დინამოს“ თავადმსხმელმა ლევან შენგელიამ გახსნა. მართალია, გორელთა ტოგოელმა ლეგიონერმა დიდიე კოუგბენიამ მე-18 წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ აბდელ მეჯუბისა (21 წთ) და ლევან შენგელიას (39) შედეგიანი დარტყმებით „დინამომ“ ტაიმი 3:1 მოიგო. „დილამ“ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა – საბოლოო ანგარიში 49-ე წუთზე ფელიპე პაიმმა დააფიქსირა – 2:3 თბილისელთა სასარგებლოდ.
„დინამომ“ მე-17 ტურში 29 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე დაწინაურდა და ქუთაისის „ტორპედო“ (27 ქულა) ჩამოიტოვა, თუმცა ქუთაისელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ და თუ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხეს, სამეულს დაუბრუნდებიან. „დილა“ 19 ქულით ისევ მერვეზეა.