თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა, „სამგურალმა“ სტუმრად „იბერიას“ მოუგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა, ხოლო „იბერია“ წყალტუბოს „სამგურალთან“ დამარცხდა – 1:2.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „დინამო თბილისი“ 48-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა, დომინიკ საიმონმა თავური დარტყმით დააწინაურა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კი 90+6-ე წუთზე ვახტანგ სალიამ დააფიქსირა.
რაც შეეხება „იბერიას“, თბილისურმა გუნდმა ზედიზედ მესამედ წააგო. მატჩის გმირი „სამგურალის“ ფეხბურთელი დემურ ჩიხრაძე იყო, რომელმაც ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა.
შესვენების შემდეგ „იბერიის“ ნახევარმცველმა, შოთა ნონიკაშვილმა წონასწორობა (51-ე წუთზე) აღადგინა, ეს მისთვის მერვე გოლი იყო სეზონში, მაგრამ 65-ე წუთზე დემურ ჩიხრაძემ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, დაახლოებით, 35 მეტრიდან გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„იბერიამ“ (32 ქულა) სეზონის პირველი ნახევარი მესამე ადგილზე დაასრულა, „დინამო თბილისი“ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა, „სამგურალი“ (19) კი „გაგრას“ (19) დაეწია, დამატებითი მაჩვენებლით გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.