თბილისი საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირს მასპინძლობს
5-7 ივლისს თბილისში საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირი გაიმართება. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის საქართველოს, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მედიანაკრებები იბრძოლებენ.
საქართველო საერთაშორისო ტურნირს პირველად მასპინძლობს. ჩვენი ქვეყნის ნაკრები ბოლოს ოდესაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია და აღნიშნული ტიტულის დაცვას შეეცდება. თბილისში, პირველი, უკრაინელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, დედაქალაქი დაათვალიერეს და ქართული ღვინოც დააგემოვნეს. დღეს კი დანარჩენი ხუთი ქვეყანა გვეწვევა. ტურნირი 6 ივლისს წრიული ფორმატით გაიმართება. მონაწილეები კოტე მახარაძის სახელობის თასის გარდა სხვადასხვა ნომინაციისთვის განკუთვნილ პრიზებსაც მიიღებენ.
ტურნირის დასრულების შემდეგ, სტუმრები ოკამის ღვინის ქარხანაში ქართული ღვინის დეგუსტაციასთან ერთად მცხეთის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ, საღამოს კი ბანკეტი და გალადაჯილდოება გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და სპორტის სამინისტრო არიან.
ჩვენი ქვეყნის მედიანაკრებში საქართველოს პირველ არხს ოთხი წარმომადგენელი – გეგი კიკაბიძე, კონსტანტინე მიგინეიშვილი, მერაბ სიმონიშვილი და კობა კოჩაძე ეყოლება.