თბილისი საერთაშორისო მედია-ტურნირს უმასპინძლებს

15:01, 22.06.2019

5-7 ივლისს, თბილისი კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ დაუდასტურა.

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ტრადიციული გათამაშებაა, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თბილისში მთავარი პრიზად კოტე მახარაძის თასი გათამაშდება.

კოტე მახარაძის თასის გათამაშებაში 8 ქვეყნის მედია-ნაკრები იასპარეზებს, ტურნირი კი 7X7-ზე ფორმატით ჩატარდება. საქართველოს გარდა, მთავარი პრიზისთვის უკრაინის, გერმანიის, სომხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ჟურნალისტთა ნაკრებები იბრძოლებენ. გუნდები 4-4-გუნდიან 2 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ.

ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არიან. თამაშები “დავით პეტრიაშვილი არენაზე” ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთა მედია ტურნირი ბოლოს ოდესაში გაიმართა და საქართველოს მედია-ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, სადაც საქართველოს პირველი არხის სამი თანამშრომელი თამაშობდა.

მსგავსი