თავისუფლების მოედანზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა
თავისუფლების მოედანზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა

თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი და „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კუპრაძე.

ლევან ხაბეიშვილი ობიექტზე შესვლას ითხოვდა, რათა, მისი თქმით, მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეღო, თუმცა დაცვის წევრებმა არ შეუშვეს, რასაც ხმაური და მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ობიექტზე არ უშვებდნენ არც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბექა ფერაძეს.

„აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე კი, ობიექტის ღობეზე გადავიდა და შესვლა ამ ფორმით მოახერხა. მან კარი შიგნიდან გააღო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ლევან ხაბეიშვილი და ბექა ფერაძე შევიდნენ.

„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა დღეს დაშავდა. როგორც თანაინვესტირების ფონდში განაცხადეს, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორ დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო ერთს მოტეხილობა აქვს..

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები.